logo
ENG



"შესაძლოა, EU-თან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს" - სტანო რუსულ კანონზე

30 აპრ 202413:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/30/ngf9pf3m1q8frhm.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერი, პიტერ სტანო ხელისუფლებას აფრთხილებს, რომ რუსულმა კანონმა, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

ამასთან, პიტერ სტანომ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კანონი ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება.

"უმაღლესმა წარმომადეგენლმა ბორელმა და ევროკომისარმა ვარჰეიმ ევროკავშირის სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად ნათლად განაცხადეს - ამ კანონის მიღება ნიშნავს, საქართველოს დაშორებას მისი გაცხადებული მიზნისგან - დაუახლოვდეს ევროკავშირს. ჩვენ ძალიან მკაფიოები ვართ, როდესაც საქმე ეხება ამ კანონს, რომ ეს არის კანონი, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს, არ შეესაბამაება ევროპულ მოლოდინებს და მისი დამტკიცების შემდეგ, რეალურად, შეიძლება საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ამბიციების საწინააღმდეგოდ იმოქმედოს.

როგორც იცით, შემოდგომაზე ევროკომისია ამზადებს ანგარიშს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით და ყველა ეს პროცესი ამ ანგარიშში აისახება და როგორც ნებისმიერი სხვა კანდიდატი ქვეყნის შემთხვევაში, თუ არ იქნება პროგრესი რიგ საკითხებზე, ან თუ იქნება უკან დახევა, ამას გავლენა ექნება ქვეყნის მიმართ ზოგად მიდგომასა და ქვეყნის პროგრესზე, ხალხისა და მთავრობის მიერ გამოცხადებული პრიორიტეტის მიღწევის გზაზე, რაც არის ევროკავშირთან დაახლოება", - აცხადებს სტანო.

გუშინ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. განხილვაზე კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები გააძევა.


close დახურვა